თბილისის საქალაქო სასამართლო „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტექნიკური საშუალებებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით განჩინებაზე
მოსამართლის ხელმოწერის არარსებობის მიზეზს განმარტავს.
რამდენიმე წუთის წინ სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 21 ივნისს განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობა, რომლითაც მთავარი პროკურატურა ითხოვდა შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტექნიკური საშუალებებზე ყადაღის დადებას.
„სასამართლომ კანონით დადგენილი წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი. შუამდგომლობა სასამართლოში შემოვიდა ელექტრონული ფორმით და შესაბამისად სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ ხელმოწერილ იქნა ელექტრონული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ 2011 წლის 5 მაისიდან სისხლის სამართალწარმოება გადასულია ელექტრონულ საქმის წარმოებაზე, რაც ამავე დროს გულისხმობს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ელექტრონული ფორმით ხელმოწერას, რაც გამორიცხავს ბეჭდის საჭიროებას. შესაბამისი ცვლილება კანონში, კერძოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მეორე ნაწილშია შესული“ - ნათქვამია განცხადებაში.
„გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ადვოკატები აცხადებენ, რომ კომპანიამ ფოსტით მიიღო ყადაღის დადებაზე განჩინება, რომელსაც მოსამართლის ხელმოწერა არ აქვს, ხელმოუწერელი დოკუმენტით კი, აღსრულების დაწყება შეუძლებელია.

















