კომპანია „ელიტა ბურჯში“ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ მოსამართლის ხელმოუწერელი განჩინება მივიდა.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, ხელმოუწერელი განჩინება თავდაპირველად „ელიტა ბურჯში“ მივიდა, ხოლო შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ფაქსით გადაუგზავნეს.
„არ ვიცი ვინ გამოსცა ხელმოუწერელი განჩინება ან ხელის მოწერა რატომ დაავიწყდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელმოუწერელი განჩინების საფუძველზე საქმის აღსრულება დაუშვებელია“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ბარამიძემ.
მისი თქმით, კომპანია ამ საქმეს გაასაჩივრებს და სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე მოკვლევა დაიწყება.
პოლიციამ კომპანია „ელიტა ბურჯისა” და „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საწყობების ბლოკირება დღეს მოახდინა.
პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია „ელიტა ბურჯის" ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება განპირობებულია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით.
განცხადებაში განმარტებულია, რომ ანტენების ძირითადი ნაწილი სწორედ „ელიტა ბურჯის" საწყობებშია განთავსებული. „პოლიციელთა მოქმედება დაკავშირებულია ყადაღის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპროცესო ღონისძიებასთან, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ უკავშირდება „ელიტა ბურჯის" სამეწარმეო საქმიანობის ან სხვაგვარი აქტივობის რევიზიას“ - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიცია შევიდა ქობულეთში გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ ტერიტორიაზეც, სადაც „გლობალ ტვ“-ის ანტენების საწყობი იყო განთავსებული და დალუქა.

















