თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, ფონდი „ქართული ფეხბურთის ქომაგი’’ 5 000 ლარით დაჯარიმდა.
როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ,,ქართული ფეხბურთის ქომაგის’’ წარმომადგენლის გელა კეტაშვილის ახსნა-განმარტებით, ასევე, საჯარო განცხადებების შესახებ ვებგვერდიდან ამონაბეჭდით დადასტურდა, რომ ,,ქართული ფეხბურთის ქომაგი’’ არის პირი, რომლის მიზანია კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისთვის თავის არიდება.
სასამართლოს განმარტებით, ფონდის დაფუძნებისთანავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს საქველმოქმედო ფონდ „ქომაგი 2“-ის შექმნის შესახებ და ასოცირება მოახდინეს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდ „ქომაგთან“, რომელიც ამავდროულად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან“ კავშირში მყოფი იურიდიული პირია.
„მითითებულმა სუბიექტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულებები დაარღვია, კერძოდ, ,,ქართული ფეხბურთის ქომაგი’’, როგორც პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან" დაკავშირებული პირი, მიზნად ისახავს ნებისმიერი მოქალაქის ფულადი სახსრებით დახმარებას, რაც ამ პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული ქმედებაა“- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ამდენად, ფონდის მიზანია ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესება და პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.
საქალაქო სასამართლოს განცხადებით, კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება არა მარტო ის პირი, რომელსაც გაცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები, არამედ, ნებისმიერი პირი, რომელიც კანონით აკრძალულ ქმედებას რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ახორციელებს.
განცხადების თანახმად, სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტი, ფაქტი და კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა ,,ქართული ფეხბურთის ქომაგს’’.

















