თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მორიგებით დაასრულა დავა დაპირისპირებულ მხარეებს შორის,
სხეულის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
როგორც "ნიუსპრესს" თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსარჩელე ირაკლი მოდებაძე და მოპასუხე გიორგი მანასიანი ღია სასამართლო სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელეს გაწეული და სამომავლოდ გასაწევი მკურნალობის, მედიკამენტებისა და სამედიცინო ხარჯებისთვის 20 ათას ლარს გადაუხდის.
სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეთა შორის სასამართლო დავა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში 2010 წლიდან მიმდინარეობდა. საქმე 2009 წლის 29 ნოემბერს ქ. ერევანში ჩატარებულ კიუკუშინკაი კარატეს ღია ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტს ეხება. ნახევარფინალური ორთაბრძოლის დროს გიორგი მანასიანმა მოწინააღმდეგე გუნდის წევრ ირაკლი მოდებაძეს მარცხენა თვალში თითი ჩაარტყა, რაც სპორტული ორთაბრძოლების წესებით იკრძალება. მოპასუხის ქმედების შედეგად ირაკლი მოდებაძემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
პრესსამსახურის ცნობით, სასამართლომ კონფლიქტის სრულად აღმოფხვრის მიზნით მხარეებს თავიანთი უფლება-მოვალეობები განუმარტა და დავის სწრაფი გადაწყვეტისთვის ურთიერთშეთანხმების მიღწევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208 მუხლით გათვალისწინებული მორიგების ფორმით შესთავაზა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის სხვადასხვა ინსტანციაში მიმდინარე პროცესები დასრულდა.

















