საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ ინტერესების დამცველი, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის
გადაწყვეტილება ფონდ „ქომაგის“ ანგარიშის დაყადაღებასთან დაკავშირებით, უკანონო და დაუსაბუთებელია და არავითარ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.
ამის შესახებ ბარათაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოში „ქომაგის“ სასარჩელო განცხადების განხილვა 27 ივნისამდე გადაიდო.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ბარათაშვილის განმარტებით, კონტროლის პალატამ სქელტანიანი მასალა წარმოადგინა, რომლის გასაცნობად ადვოკატმა დრო ითხოვა, თუმცა, მოსამართლემ თხოვნა არ დააკმაყოფილა.
ასევე, არ დაკმაყოფილდა ბარათაშვილის რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარისა და კოალიციის რამდენიმე წევრის დაკითხვის შესახებ.
„ქომაგი“ კონტროლის პალატის ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას ითხოვს, რომელითაც ემიგრაციაში მყოფ ბიძინა გიორგობიანს, „ქომაგისთვის“ თანხის გადარიცხვის გამო, 850 ათასი ევროს ეროვნულ ვალუტაში ექვივალენტის ჯარიმა დაერიცხა, ხოლო ფონდის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაედო.

















