„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ სარჩელი, რომელიც კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობას ეხება, დღეს თბილისის საქალაქო
სასამართლოში განიხილებოდა, თუმცა, მასზე მოპასუხე მხარე - არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელი არ გამოცხადდა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განუცხადა.
მჟავანაძის თქმით, „ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ დღევანდელ სხდომაზე მოპასუხედ, არქიტექტურის სამსახურთან ერთად, თბილისის მერიის წარდგინების შუამდგომლობაც დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
„ამასთან, გადაწყდა, რომ იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი სარჩელი ეხება, დასკვნას სახალხო დამცველიც გააკეთებს, მასალები კი საქმეში მტკიცებულების სახით იქნება გამოყენებული“-განაცხადა მჟავანაძემ.
მომდევნო სხდომა 12 ივლისსაა ჩანიშნული, რომელზეც საქმის არსებითი განხილვა მოხდება.
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ მოითხოვს, გაუქმდეს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა, რომელიც კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის მშენებლობას გულისხმობს. ამასთან, ცენტრის განცხადებით, აღნიშნული მშენებლობის მიზეზით მოჭრილი ათეულობით ხის ნაცვლად ახალი ხეები უნდა დაირგოს და პირვანდელი მდგომარეობა აღდგეს.

















