არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიმართ 5 000 ლარიანი სანქციის
დაკისრებასა და მისი ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის დაჯარიმება და მისი ანგარიშების დაყადაღება არსებული კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა, რადგან კანონით, დაჯარიმებისთვის აუცილებელია პირს ჰქონდეს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად იყენებდეს მატერიალურ რესურსებს, შეზღუდვების გავრცელების თაობაზე მონიტორინგის სამსახურს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოცემული ჰქონდეს შესაბამისი აქტი და პირს განხორციელებული ჰქონდეს კანონით აკრძალული შემოწირულების მიღება ან დამალვა.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აღნიშნული კრიტერიუმებიდან არც ერთი არ არის სახეზე, რადგან, ორგანიზაციას თანხა არ მიუღია ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან შემოწირულობის თუ სხვა სახით და არ დაუმალავს ინფორმაცია; არ გამოუყენებია ფინანსური რესურსები საარჩევნო მიზნების მისაღწევად, რაც მის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერებიდანაც ჩანს. ამასთან, მონიტორინგის სამსახურს არ გამოუცია შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი „ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის“ შეზღუდვების გავრცელების თაობაზე.
„მონიტორინგის სამსახურმა სასამართლო სხდომაზე მოითხოვა ორგანიზაციის დაჯარიმება იმ საფუძველით, რომ ორგანიზაციის მიერ ჩადენილი იყო კანონის სამართალდარღვევა - საარჩევნო მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გადაცემის დაპირებით. თუმცა, სასამართლოზე არ დადასტურდა ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ მიერ კანონით განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი“- აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე განმარტებით, სასამართლომ გაიზიარა მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნა, ააიპ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ 5 000 ლარით დააჯარიმა და საბანკო ანგარიშები დაუყადაღა, თუმცა, სასამართლოს დადგენილება არ არის შესაბამისი არსებულ კანონმდებლობასთან სხვადასხვა გარემოებათა გამო - პირის 5 000 ლარით დაჯარიმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას გააჩნია განცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, რაზეც მონიტორინგის სამსახურმა უნდა გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. საიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული აქტი არ გამოცემულა და ორგანიზაციას არანაირი ფინანსური რესურსები საარჩევნო მიზნების მისაღწევად არ გამოუყენებია.
„საქართველოს კონტროლის პალატა და სასამართლო ზედმიწევნით უნდა იცავდნენ კანონის მოთხოვნებს და თანმიმდევრულები იყვნენ საკუთარ გადაწყვეტილებებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ასეთი მიდგომა კიდევ უფრო გაზრდის უსამართლობის შეგრძნებას პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის და ხელს შეუწყობს უთანასწორო წინასაარჩევნო გარემოს ფორმირებას“- აცხადებენ არასამათვარობო ორგანიზიაციები.
განცხადებას ხელს აწერს 4 არასამათავრობო ორგანიზაცია.
საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ 2 ივნისს სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებული გადარიცხვების გზით 200 000 აშშ დოლარის ოდენობით უკანონო შემოწირულების მიღებისთვის სამართალდამრღვევად ცნო, შესაბამისად, სასამართლომ „ქართული ფეხბურთის ქომაგი“ დააჯარიმა და მისი ანგარიშები დააყადაღა.

















