საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისში, შოთა
რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე გიორგი ჯაფარიძემ,რომელიც „მერსედესის“ მარკის ავტომობილს მართავდა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაარღვია , მის წინთანმხვედრად მიმავალ ავტომობილზე გასწრების მიზნით ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი გადაკვეთა, სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა, სადაც „ოპელის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც ნუგზარ ხაჯალია მართავდა და „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, რომელსაც მექი დანელია მართავდა, - შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად ავტომობილ „ოპელის“ მგზავრი სოფიო ბერიძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრმა მურმან ფალიანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო მექი დანელიამ და ნუგზარ ხაჯალიამ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს.
საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, შემთხვევის ადგილი იქნა დათვალიერებული, მოწმეები და დაზარალებულები დაიკითხნენ, დანიშნული და ჩატარებული იქნა სასაქონლო, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა იქნა მოპოვებული.
უწყების ცნობითვე, სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა იყო გიორგი ჯაფარიძის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისმოთხოვნათა დარღვევის შედეგად გამოწვეული. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გიორგი ჯაფარიძეს ლაბორატორიულად ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
2017 წლის პირველ თებერვალს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გიორგი ჯაფარიძის დაკავების შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლოს მიერ 2 თებერვალს დაკმაყოფილდა. 3 თებერვალს გიორგი ჯაფარიძე ბრალდებულის სახით დააკავეს და ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით წარუდგინეს, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გამოიწვია.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

















