გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე, დევნის განხორციელების შედეგად გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი აღმოჩნდა. ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ჩაუტარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება.
სამართალდამრღვევებმა მიმალვა შეძლეს, თუმცა მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მძღოლისა და უკანონო ნადირობში მონაწილე სხვა პირების ვინაობის დადგენა მოხერხდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს.
გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 (ათი ათასი) ლარი შეადგინა.
ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოშია გადაგზავნილი.

















