პოლიციის თანამშრომლები ტელეკომპანია ''თრიალეთის'' გადამღებ ჯგუფს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ - ამის შესახებ
ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ''თრიალეთის'' გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი მოქმედი პოლიციელი შალვა ხაჩიძეა, რომელიც „თრიალეთის” გადამღები ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.
„შალვა ხაჩიძემ ჟურნალისტებს მოსთხოვა გადაღება შეეწყვიტათ, უარის მიღების შემდეგ კი, მისივე სიტყვებით, თავ-პირისა და კამერის დამტვრევით დაემუქრა, რასაც შემდგომში გადამღები ჯგუფის მიმართ ქვების სროლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა” - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც “თრიალეთის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცავების მხრიდან მუდმივად კონტროლდება ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღები ჯგუფების გადაადგილება. კერძოდ, თრიალეთის ხაშურის კორესპონდენტ მალხაზ მიქელაძის მიმართ ხორციელდება მუდმივი მუქარის ზარები.
ტელეკომპანია „თრიალეთში” მიიჩნევენ, რომ ხაშურის პოლიციის მხრიდან აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანიამ ხაშურის პოლიციის შენობაში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ფაქტი გააშუქა.

















