საქართველოში 20-28 სექტემბერს, ნატო-ს ეგიდით და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანაორგანიზებით, საერთაშორისო
სწავლება - „საქართველო-2012“ ჩატარდება.
შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირების მეთოდების დახვეწას ითვალისწინებს.
სწავლების საფინალო დაგეგმვის კონფერენცია შსს-ში მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს შსს-ს შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლების გარდა, ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 70-მდე ექსპერტი მონაწილეობს.
კონფერენციის მსვლელობისას ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრსა და საქართველოს შსს-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც აღნიშნული სწავლების შეუფერხებლად ჩატარებას ითვალისწინებს.

















