„სახალხო კრების“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თორნიკე არევაძე ვახტანგ დანელიასთან ერთად აზერბაიჯანის მოქალაქის
შეურაცხყოფის გამო დააკავეს. ინფორმაციას ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში ნაზიმ კამბაროვის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში, ერთ-ერთ რესტორანში აზერბაიჯანის მოქალაქეს ნაზიმ კამბაროვს თორნიკე არევაძემ და ვახტანგ დანელიამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე პოლიცამ ვახტანგ დანელია და თორნიკე არევაძე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
თორნიკე არევაძის საქმესთან დაკავშირებით დღეს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა და არევაძის ადვოკატმა ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლება არევაძეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
მათი განმარტებით, თორნიკე არევაძე რუსთავში 8 მარტს მომხდარი ინციდენტის გამო, 8 მაისს დააკავეს და რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი მირზა სუბელიანი არევაძის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს, სასამართლო პროცესი ხვალ, 21 ივნისს 15 საათზეა დანიშნული.

















