საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ გიორგი
ცერცვაძის რუსეთში ექსტრადირება არ მოხდება.
მისივე თქმით, ქართული მხარე არ დაუშვებს, რომ საკუთარი მოქალაქე იმ ქვეყანას გადასცეს, რომელსაც საქართველოში სამხედრო ბაზები ჰყავს განლაგებული.
„საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განლაგებული ჩვენს ტერიტორიაზე და აქ საერთოდ არ უნდა იყო კითხვის ნიშნები. ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არის ყოველწუთიერ კონტაქტზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გიორგი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთზე, მაგრამ მთავარი აქ სულ სხვა რამ არის: ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, რომ ჩვენ მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას სამხედროებისადმი უპატივისმცემლობაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც 2008 წლის ომის დროს, მათ კონფლიქტის ადგილიდან გვამებიც კი არ გამოასვენეს.
„მათ აიყოლიეს, რა თქმა უნდა, საკუთარი ტელევიზია, პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უნდათ, რომ მუდმივად ამოგვაგდონ დღის წესრიგიდან და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის დამაქცევარნი და ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანებაზე, რომელმაც ქვეყანა წამოაგო უმძიმეს პროვოკაციებს, რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო და უფრო მეტიც, ისინი გვდებენ ჩვენ ბრალს სამხედროების უპატივისმცემლობაში, მაშინ, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილეები თითქმის ნახევარი ჩახოცეს ციხეში, ასევე ისინი, რომლებმაც გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან, რომლებმაც უდიდესი პროვოკაცია მოაწყეს კოდორის ხეობაში და იქ მყოფი გმირი ადამიანები ჩახოცეს და რომლებმაც კრიალაშვილი, რომელიც უკვე გვამი იყო, დააბეს და კიდევ ერთხელ დახვრიტეს. ეს ადამიანი დღეს ჩვენ გვდებენ ბრალს სამხედროების უპატივისმცემლობაში“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე რუსეთში ინტერპოლით იძებნებოდა. ის რამდენიმე დღის წინ უკრაინაში დააკავეს. ცერცვაძის სასამართლო ხვალ უნდა გაიმართოს, სადაც გადაწყდება, მოხდება თუ არა მისი რუსეთში ექსტრადირება.

















