შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი და საპატრულო
პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დათო ნიკოლეიშვილი ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს გენერალურ დირექტორს, გენერალ ელმარ ვაჰერს შეხვდა. შეხვედრაზე საზღვრის დაცვის განვითარება, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, საზღვრის დაცვის თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიების დანერგვა განიხილეს.
ესტონეთის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები გააცნეს და საზღვრის დაცვის სფეროში თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან უფრო ეფექტურად ბრძოლას ხელს შეუწყობს.

















