აღსრულების ეროვნულ ბიუროში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით 2 სააღსრულებო ფურცელი შევიდა.
ამის შესახებ განცხადება აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააღსრულებოში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი შევიდა, რომელთა თანახმად, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით 74 325 065. 65 ლარის გადახდა დაეკისრა.
„საქმესთან დაკავშირებით დღეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები დაიწყო“ - ნათქვამია განცხადებაში.
ბიუროს ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, რომლის გასვლის შემდეგ იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე, ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, ასევე მისი უფლებები და მოვალეობები.
ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა გუშინ ამოეწურა.
ჯარიმის თანხა 74 325 065 ლარია. თავდაპირველად, საქალაქო სასამართლომ მას ჯამში 148 650 131 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ორი აქტის საფუძველზე, თუმცა, თანხა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა.
პირველ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.
ადვოკატები საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.

















