მიმართეს თუ არა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შესაბამისმა უწყებებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა
ივანიშვილის ჯარიმასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სამსახურში აღნიშნული საკითხის გარკვევა მიმდინარეობს და მიმართვის დაფიქსირებისთანავე ოფიციალური განცხადება გავრცელდება.
„ნიუსპრესს“ კონტროლის პალატაში გუშინ განუმარტეს, რომ სააღსრულებლოს კონტროლის პალატის თხოვნით სასამართლო მიმართავს.
საუბარია კონტროლის პალატის სამართალდარღვევის აქტის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილისთვის ჯარიმის დაკისრებაზე, რომლის გადახდასაც ივანიშვილი არ აპირებს. გადახდის ვადა კი, უკვე ამოწურულია.
ივანიშვილის ჯარიმა 74 325 065 ლარს შეადგენს. საქალაქო სასამართლომ მას ჯამში 148 650 131 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ორი აქტის საფუძველზე, თუმცა, თანხა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა.
პირველ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.
ადვოკატები საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.

















