ტელეკომპანია „მზის“ დაბრუნების საქმეში, ემიგრაციაში მყოფი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს სასამართლოში ორი ადვოკატი - ინგლისური იურიდიული ფირმა „ჯეი დი ლოს“ იურისტი საიმონ პეიჯეტ ბრაუნი და ადვოკატი თემურ მამასახლისი დაიცავენ.
ადვოკატებმა საქმის დეტალებზე დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
როგორც მამასახლისმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზის“ საკონტროლი პაკეტის მფლობელი იყო, თუმცა, იძულებული გახდა ის დაეთმო.
მისი თქმით, საქმის დეტალებიდან ცნობილი ხდება, რომ „მზის“ მითვისებაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი მონაწილეობდნენ, რისი დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს.
ადვოკატი განმარტავს, რომ საქართველოსთან ერთად, საქმის წარმოება პარალელურ რეჟიმში საერთაშორისო სასამართლოებში დაიწყება, არ არის გამორიცხული, რომ საქმე ბრიტანულმა სასამართლომაც განიხილოს.
მისი თქმით, სარჩელები მზადების პროცესშია და ადვოკატები ორი მიმართულებით მუშაობენ, პირველი - „მზის“ დასაბრუნებლად და მეორე - დამნაშავეთა დასასჯელად. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ზემოთ აღნიშნული პირები სასამართლოს წინაშე მოპასუხეებად აუცილებლად წარსდგებიან.

















