კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა უკვე ამოეწურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებითა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილს 74 325 065 ლარის ჯარიმა ეკისრება. მისი გადახდის ერთკვირიანი ვადა გუშინ გავიდა. ივანიშვილის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, დღეიდან კონტროლის პალატას შეუძლია ჯარიმის ამოღების მოთხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს.
მისივე თქმით, კონტროლის პალატა დროში შეზღუდული არ არის და შეუძლია სააღსრულებლოს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს მიმართოს.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, კონტროლის პალატას მათთვის ჯერ არ მიუმართავს, ასეთ შემთხვევაში კი, აღსრულების ბიურო ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ივანიშვილის საქმეზე, დადგენილება 11 ივნისს გამოიტანა და მას დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად 1 კვირიანი ვადა მისცა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჯამში 148 650 131 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პირველ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასჩივრეს.
სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმა თითქმის გაუნახევრა და 74 325 065 ლარამდე შეუმცირა.
ადვოკატები საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.

















