კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა დღეს ეწურება.
როგორც „ნიუსპრესს“ ივანიშვილის ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილება 11 ივნისს გამოიტანა და ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმის გადასხდელად 1 კვირიანი ვადა მისცა.
„ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტროლის პალატას ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ჩვენ კი შევეცდებით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი რაც შეიძლება მალე შევიტანოთ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ბარამიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ჯამში148 650 131 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პირველ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ივანიშვილის ადვოკატებმა ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასჩივრეს.
სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმა თითქმის გაუნახევრა და 74 325 065 ლარამდე შეუმცირა.

















