„ქართულ ოცნებას“ ინფორმაციის მოსაპოვებლად არავის მოსყიდვა და ბინძურ საქმეში გარევა არ სჭირდება. ამის შესახებ დღეს ტრადიციულ
ბრიფინგზე კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციას იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე საჭიროა და მას ძალიან ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლები აწვდიან.
ფანჯიკიძემ ხელისუფლების მიერ მოგონილი უწოდა გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას კოალიციის წევრის ირაკლი სესიაშვილისა და მისი მეგობრის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსახლეობას მსგავსი რამ ხელისუფლებამ უკვე მრავალჯერ აჩვენა.
„საქმე გვაქვს ხელისუფლების მხრიდან ნაცნობ ქმედებასთან, რასაც ბოლო თვეებში შევსწრებივართ. ყველაფერი, რაც გუშინ მოისმინეთ შეთითხნილი საქმეა, რომელიც ყურადღების გადასატანად ხელსაყრელ ვითარებას - „ქართული ოცნების“ გურიის გრანდიოზული აქციის მზადებას დაამთხვიეს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და საზოგადოებას მოუწოდა მსგავს ინფორმაციას არ ენდოს.
შსს-მ პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე, გუშინ ზაზა ჭელიძე დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, ჭელიძე, იგოეთის პოლიციის თანამშრომლის ლაშა კურტანიძის მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ინფორმაციით, კურტანიძეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სამინისტროს თანამშრომლები ფარულად უნდა გადაეღო.
„მოხდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგად, ფარული ჩანაწერის მოპოვება-გადაცემის ფაქტი დადასტურა. კურტანიძეს მოპოვებული მტკიცებულებები წარუდგინეს. მან დანაშაული აღიარა და მისი შემკვეთის - ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა მოახერხა “ - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით, კურტანიძემ მოგვიანებით შეთანხმების პირობები დაარღვია და მიიმალა. ჭელიძე დაკავებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ აღიარებითი ჩვენებების ვიდეომასაც გაავრცელა, სადაც ჭელიძე ამბობს, რომ მოპოვებული ჩანაწერი მან ირაკლი სესიაშვილს გადასცა და სესიაშვილისგან კი, კურტანიძისთვის გადასაცემად კონვერტი მიიღო.
ამასთან, დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ განმარტა, რომ ზაზა ჭელიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი არ არის და იგი კოალიციის წარმომადგენლის ირაკლი სესიაშვილის მეგობარია.

















