ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, აუცილებელია,
მათ, ვისაც ქვეყნის მომავალი ადარდებს „რუსთავი 2“ დაიცვან, ყველა იმ გზით, რომელიც კანონითაა ნებადართული.
ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე გვარამიამ საზოგადოებას იმ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რომელიც დღეს უზენაეს სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება.
„ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“- ის ტელემაყურებელს, ყველა ჩვენს მხარდამჭერს და არა მხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი შვილებისა და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ, - დაიცავით „რუსთავი 2“. თქვენს გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. დაიცავით ყველა მეთოდით, ყველა შესაძლებლობით, რომელიც ნებადართულია კანონით, რომელიც ნებადართულია თავისუფალი ადამიანისთვის. თავისუფლების დაცვა და ქვეყნის მომავლის დაცვა დღეს ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება საკუთარი ხელით დაიცვათ თქვენი ქვეყნის და შვილების მომავალი, ისე როგორც ეს ბედნიერება გაქვთ დღეს. გამოდით ნებისმიერ აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები. გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“- აცხადებს გვარამია.
მისივე განცხადებით, ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს და დღევანდელი დღე აუცილებლად გადაწყვეტს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე.
„რუსთავი 2“ არ ნებდება. მას აქვს იმ ადამიანების კეთილგონიერების იმედი, რომელიც გადაწყვეტლებას იღებს უზენაეს სასამართლოში. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იყოს კეთილგონიერი, ნუ დაღუპავს ქვეყანას, რომელიც ჩააბარა ქართველმა ამომრჩეველმა, ავად თუ კარგად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ქართველი ხალხის კეთილგონიერებს იმედზე. მოგიწოდებთ, დღესვე, უზენაეს სასამართლოსთან დაანონსებულ აქციას შეუერთდეთ ყველა და მოვითხოვოთ ის, რაც კანონიერად, კონსტიტუციურად გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ შვილებს“ -განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, „რუსთავი 2“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს.
როგორც გვარამიამ განაცხადა, „რუსთავი 2“ კრიტიკულ ტელევიზიად დარჩება, რადგან ქვეყანას ასე სჭირდება.
„ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენ სარედაქციო პოლიტიკას. დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“ იქნება ისეთი როგორიც არის დღეს. ჩვენ არ დავიხევთ უკან, ჩვენ არ გადავხედავთ სარედაქციო პოლიტიკას და ვიქნებით ყოველთვის კრიტიკულები, მხოლოდ იმიტომ, რომ მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გამოვხატავთ ჩვენი საზოგადოების ინტერესს სწორედ ამგვარად და ბოლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ყველა აქ მდგომის ღრმა რწმენით სწორედ ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას“- განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა იწყება. კოლეგია ტელეკომპანიის იმ სარჩელს განიხილავს, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის ადვოკატები საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვნდენ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა.

















