თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ
პრეზიდენტის ბრძანების კანონიერად ცნობის თაობაზე საჩივრის განხილვაა დანიშნული. ამის შესახებ ივანიშვილის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
ივანიშვილის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის 100%-იანი კანონიერი უფლება აქვთ.
როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა ივანიშვილისთვის, გამონაკლისის წესით მინიჭებული მოქალაქეობა ჩამოერთვა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ საგამონაკლისი წესით მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი მოქმედებდა როგორც არაუფლებამოსილი პირი, შესაბამისად, მის მიერ გამოცემული აქტი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

















