კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები შალვა თადუმაძეს და ალექსანდრე ბარამიძე სააპელაციო სასამართლოს სუბიექტურობაში ადანაშაულებენ.
როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილება ექსპერტიზასთან დაკავშირებით და ეს რამდენიმე კითხვას წარმოშობს.
„თუ ექსპერტიზამ თქვა, რომ „გლობალ ტვ“- ს პროექტი მომგებიანი იყო და გათვლილი არ იყო პოლიტიკურ მიზნებზე, იქნება თუ არა ეს საფუძველი იმისა, რომ ივანიშვილზე დაკისრებული ჯარიმა გაუქმდეს? თუკი ექსპერტიზამ თქვა, რომ პროექტი მომგებიანი არ იყო და „გლობალ ტვ“ არასწორად ითვლის, იქნება თუ არა ამაში ბიძინა ივანიშვილის ბრალეულობა და დაისჯება თუ არა 150 მილიონი ლარის გადახდით?“-აღნიშნა თადუმაძემ და დასძინა, რომ ექსპერტიზას დასკვნის დასადებად სულ რაღაც 20 საათი აქვს. მას შესასწავლი აქვს იმ კომპანიის ფინანსური საკითხები, რომლის ღირებულებაც ამ დროისთვის 12 მლნ ლარს შეადგენს.
თადუმაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე სრულიად გაუგებარი იყო და მას არ შეუძლია არსებითი ზეგავლენა მოახდინოს საქმის ჭეშმარიტების დადგენაზე.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, მეორე საქმეზეც რომელიც კომპანიებს შპს „ბურჯსა“ და „ელიტა ბურჯს“ უკავშირდება, სასამართლოს დამოკიდებულება ნათელია.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ აპირებს უსამართლო გადაწყვეტილებების შესრულებას.
„შესაბამისად დაიწყება იძულებითი აღსრულების პროცესი, თუ როგორ წარიმართება და რა სახეს მიიღებს ეს, ამაზე წინასწარ საუბარი არ მსურს“-აღნიშნა ბარამიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა.
პირველ პროცესზე ბიძინა ივანიშვილის 126 მლნ 220 ათას 190 ლარით დაჯარიმების საკითხი განიხლეს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება სასამართლოს ბრალდებას ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით ამომრჩევლისთვის „გლობალ ტვ“-ის სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა ნათია ქუთათელაძემ, ქეთევან დუგლაძემ და ირაკლი შენგელიამ პროცესი ხვალისთვის გადადეს და საქმეში არსებული მტკიცებულებები - “გლობალ ტვ“- ს ბიზნეს გეგმა, ხელშეკრულება და სხვა მასალები, შესასწავლად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადასცეს. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს იყო თუ არა „გლობალ ტვ“ - ს საქმიანობა მოგებიანი.
მეორე შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ივანიშვილს 22 მლნ 429 ათას 941 ლარი ჯარიმა დაეკისრა.
სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების „ბურჯისა“ და „ელიტა ბურჯის“ სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ მომსახურებას ფაქტობრივად უსასყიდლოდ უწევდა.
აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლო დადგენილებას ხვალ 15.00 საათზე გამოიტანს.

















