კომპანია „გლობალ ტვ“-ს ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი დაკავებული არ არის და იგი მოწმის სტატუსით იკითხება.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, არასწორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რონჟესთან ადვოკატებს არ უშვებენ.
„გლობალ ტვ“-ს ადვოკატის ზურაბ დიასამიძის განცხადებით, მისი ინფორმაციით, რონჟესი დაახლოებით 6 საათის წინ დააკავეს და ამ დრომდე აეროპორტის ერთ-ერთ ოთახში იმყოფება. მასთან კი, ადვოკატებს არ უშევებენ.
ალექსანდრე რონჟესმა რამდენიმე დღის წინ თბილისში პრესკონფერენცია გამართა და ხელისუფლების მიერ „გლობალ ტვ“-სთვის შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „გლობალ ტვ“-ს აქამდე საკმაოდ მზარდი ბიზნესი ჰქონდა, თუმცა, პირველი პრობლემები პაკეტში „მაესტროს“ ჩასმის შემდეგ შეექმნა. პრობლემები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც კომპანია „მე-9 არხის“ გაშუქებასაც დათანხმდა.
ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გლობალ ტვ“-ს მის მიერ დამონტაჟებული ყველა ანტენის ჩამოხსნა მოუწევს, რაც კომპანიას, ფაქტობრივად, გაკოტრების ზღვარზე აყენებს.

















