შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა დღეს 2007-2011 წლებში დაფიქსირებული ოჯახური ძალადობის, ოჯახური კონფლიქტების, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
შსს-ს ინფორმაციით, კვლევის მიზანი სახელმწიფოსა და საზოგადოების როლის უკეთ განსაზღვრა და გამოკვეთა, არსებული საკანონმდებლო ბაზის იმპლემენტაციის დონის გაზრდა, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, პრევენციისა და რეაბილიტაციის არსებული მეთოდოლოგიის დახვეწა, ასევე, მეტად მოქნილი და ეფექტური სისტემების შემუშავება და რეალიზებაა.
კვლევის თანახმად, 2007-2011 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოჯახური ძალადობის 973 ფაქტი დაფიქსირდა, მონაწილე პირთა რაოდენობამ 1 997 შეადგინა.
ამავე პერიოდში, მოძალადის სახით 887 მამაკაცი და 89 ქალია დაფიქსირებული, მსხვერპლის სახით რეგისტრირებულთა სურათი კი, საპირისპიროა, 904 ქალი და 117 - მამაკაცი.
ოჯახური ძალადობის კუთხით ფსიქოლოგიური (1160 ფაქტი) და ფიზიკური ძალადობა (740 ფაქტი) ჭარბობს.
ძალადობის ფაქტების რაოდენობით რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი (632 ფაქტი), მეორე ადგილზე - აჭარა (84).
შსს-ს მონაცემებით, 2010-2011 წლებში 3 952 ოჯახური კონფლიქტი და 8 341 ფიგურანტი დაფიქსირდა, სადაც გენდერული თანაფარდობა 50/50-ზეა.
კვლევამ აჩვენა, რომ კონფლიქტის მიზეზი უმეტესწილად ალკოჰოლური თრობა, ქონებრივი დავა და ეჭვიანობაა.
რაც შეეხება არასრულწლოვნებს, 2007-2011 წელს აღირიცხა მათ მიერ ჩადენილი 4 ათასი დანაშაული. დამნაშავეთა 96%/4% მამრობითი სქესისაა.
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის მონაცემებთან შედარებით, 2011 წელს ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია.
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის ყველაზე გავრცელებული დანაშაული ქურდობა და ცივი იარაღის ტარებაა.
შსს-ს ინფორმაციით, 2011 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის 206 შემთხვევა დაფიქსირდა.

















