კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ხვალ სურპრიზებს არ ელოდებიან და მიიჩნევენ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის მოქალქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის ბრძანების კანონიერად ცნობას ეხება, ძალაში დარჩება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატებმა არჩილ კბილაშვილმა და ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადეს, სააპელაციო სასამართლომ მაქსიმალურად გააჭიანურა საქმის განხილვა და მხოლოდ ხუთი თვის თავზე დანიშნა პროცესი, მაშინ, როდესაც განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეების განხილვის ვადა იწურება.
„სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უნისონში მოქმედებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩეს“ - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს გარემოებები, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პოლიტიკურ მოტივებზე მეტყველებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პირველი გარემოება იყო ის, როდესაც პრეზიდნტმა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან მეოთხე დღეს მას მოქალაქეობა შეუწყვიტა. თუმცა, ამისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურები იყო აუცილებელი. მეორე გარემოებად კბილაშვილი სასამართლოს მიერ დროის გაჭიანურების ფაქტს ასახელებს.
“როდესაც მოპასუხე არის ივანიშვილის მხარე, ან ივანიშვილს ზიანი ადგება, მაშინ საქმის განხილვა უმოკლეს ვადაში ხდება, ხოლო, როდესაც პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ, საქმის განხილვა ხუთი თვით ჭიანურდება“-განაცახადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის არცერთი პრეცედენტი არ არსებობს, გარდა ივანიშვილის შემთხვევისა. კბილაშვილის თქმით, ეს ფაქტიც სწორედ საქმის პოლიტიკურ მოტივზე მეტყველებს.
სააპელაციო სასამართლო ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის ბრძანების კანონიერად ცნობის თაობაზე საჩივარს ხვალ, 10:00 საათზე განიხილავს.

















