პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის 148 მლნ ლარით დაჯარიმების საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს განიხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის აქტების საფუძველზე 126 მლნ 220 ათას 190 ლარით და 22 მლნ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
სასამართლო პროცესს მედია კოალიციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ქართული ოცნების“ ლიდერის ადვოკატების განცხადებით, ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული 148 მლნ ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მათივე განცხადებით, სააპელაციოდ მომზადებულ საჩივარში სრულადაა მოცემული ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს.
საქალაქო სასამართლომ, ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა და 126 მლნ 220 ათას 190 ლარით დააჯარმა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა, აღნიშნული ბრალდების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ ივანიშვილს 22 მლნ 429 ათას 941 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

















