არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას რუსთავის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილის კახა ბარათაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობის განხორციელების შესახებ არათანმიმდევრულს და არაობიექტურს უწოდებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონტროლის პალატამ ყურადღება არ გაამახვილა ამ ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის შემცველობაზე, რომელიც საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს.
„კახა ბარათაშვილი პოლიტიკური თანამდებობის პირია, რომელსაც თავისთავად გააჩნია საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი ამომრჩველის მოსყიდვად უნდა ჩაითვალოს“ - აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
ამასთანავე ნათქვამია, რომ ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირია იმ ფონზე, როდესაც ივნისის დასაწყისში კონტროლის პალატამ “მოსახლეობის სურვილების ასრულების მხოლოდ დაპირების გამო რამდენიმე ადამინი დააკავა, რომელთაც კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვა დაბრალდათ“.
რუსთავის შემთხვევაში, ორგანიზაციის განმარტებით, გამოკვეთილია სისხლის სამართლის დანაშაული და დაფიქსირებულია საჩუქრის გადაცემის ფაქტი და არა მხოლოდ დაპირება.
„სახელისუფლებო ორგანოს ასეთი არათანმიმდევრული და არაობიექტური ქმედებები სერიოზულ ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესებს და ხელს უშლის კონკურეტული და სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია მიმართავს კონტროლის პალატას აღნიშნული საქმე რეაგირებისთვის პროკურატურასგადაუგზავნოს, ხოლო პროკურატურა დაინტერესდეს საქმით და შესაბამისი ზომები მიიღოს.
კონტროლის პალატის 11 ივნისის განცხადების თანახმად, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა კახა ბარათაშვილმა წინასააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას საჩუქრად 20 ლიტრი ღვინო და თითო სული ცხავრი დაურიგა, რაც პალატის შეფასებით, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ბარათაშვილმა პარტიის სასარგებლოდ 7920 ლარის უკანონო შემოწირულობა განახორციელა.

















