პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პაატა კაციტაძის საქმეზე კონტროლის პალატისგან და პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ კადრებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პაატა კაციტაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქციაზე მისვლის სანაცვლოდ 50 ლარი აიღო.
„კაციტაძის განცხადება, რომ მან ეს დახმარება მიიღო თავისთავად მის ქმედებას დასჯადს ხდის ორივე შემთხვევაში - თუ იცრუა იგი უნდა დაისაჯოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ხოლო თუ „ქართული ოცნების" სახელით ვინმესგან აღნიშნული თანხა მიიღო უნდა დაისაჯოს ქრთამის აღებისთვის. ჩვენ ველოდებით სამართალდამცავთაგან შესაბამის რეაგირებას“ - ნათქვამია განცხადებაში.

















