საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში პატიმრების მიერ დაცვის უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, ზომების გატარების რეკომენდაციით მიმართავს.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულების არაგეგმიური მონიტორინგის დროს ცნობილი გახდა, რომ დაწესებულებაში ადვოკატთა შესვლა შეზღუდულია.
მათივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ფაქტს 2012 წლის 12-13 მაისს, ძლიერი წვიმისა და ნიაღვარის შედეგად შენობის დაზიანებასა და დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას უკავშირებს.
ამასთან, როგორც ომბუდსმენის პრესსამსახურის, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება ხდება სათანადო აქტის გამოცემით, რომელიც როგორც წესი საჭიროებს მინისტრის თანხმობას. თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, მათ ეს აქტი არ გააჩნიათ.
საქართველოს კანონი „პატირმობის კოდექსი“ განსაკუთრებული პირობების შემოღებას უკავშირებს პატიმართა გარკვეული უფლებების შეზღუდვას (მაგალითად გასეირნებით სარგებლობის უფლება). ამავდროულად კანონი არაფერს ადგენს მსგავს შემთხვევაში პატიმრისთვის დამცველთან შეხვედრის უფლების შეზღუდვაზე.
საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის თანახმად „დაცვის უფლება გარანტირებულია“. აღნიშნული დებულება არამხოლოდ დეკლარაციული ხასიათისაა, არამედ სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას შექმნას სათანადო მექანიზმები, რათა პირებმა დროულად და სრულყოფილად უზრუნველყონ საკუთარი დაცვის უფლების განხორციელება, რაც უპირობოდ მოიცავს საკუთარ დამცველთან შეხვედრის უფლებას.
საქართველოს კონსტიტუცია აღნიშნული უფლების შეზღუდვას არ ითვალისწინებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი.
შესაბამისად, სახალხო დამცველს დაუშვებლად მიაჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების გამოცხადების შემთხვევაში აღნიშნული უფლების შეზღუდვა.
ამასთან, როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დღესდღეობით #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წვიმის შედეგად წარმოქმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები შეძლებისდაგვარად მოგვარებულია, რაც განსაკუთრებულად გაუგებარს ხდის აღნიშნული უფლების შეზღუდვას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული შეზღუდვები უკანონოა და არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას.

















