სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით, დღეს ბოლო სხდომა გამართა.
ევროსასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე თვეში შეიკრიბება.
მოსამართლეებმა დღევანდელ სხდომაზე მხარეთა შემაჯამებელი გამოსვლა მოისმინეს და საქმე ბოლომდე შეისწავლეს.
„რუსეთის ფედერაციას დღეს ახალი არაფერი უთქვამს. სიტყვა-სიტყვით გაიმეორეს ის არგუმენტები, რაც წინა ზეპირ განხილვაზე ანუ 2009 წელს წარმოადგინეს“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა.
საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ 2006 წელს რუსეთის ტერიტორიზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევას, კერძოდ კი, ეთნიკური ნიშნით მასობრივ დაკავებას, არასათანდო მოპყრობასა და დეპორტაციას ეხება.
ქართული მხარის პოზიციით, 2006 წელს რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
რუსეთი არ ეთანხმება საქართველოს პოზიციას და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ რეპრესიული ხასიათის ღონისძიებები არ გაუტარებია.
ევროპულმა სასამართლომ ქართული მხარის სარჩელი წარმოებაში 2009 წელს მიიღო, 2011 წელს ორივე მხარის მოწმეები და დაზარალებულები დაკითხა.

















