პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული 148 მლნ ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა ამის თაობაზე განცხადება თავადაც გააკეთა.
როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ივანიშვილის დაჯარიმების თაობაზე სააპელაციოში უკვე გასაჩივრებულია და სააპელაციო სასამართლომ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება 48 საათის განმალობაში უნდა მიიღოს.
მისი თქმით, მომზადებულ საჩივარში სრულადაა მოცემული ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლოს დადგენილება უნდა გაუქმდეს.
„სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში მოქალაქეობის საკითხიდან დაწყებული აღნიშნული ჯარიმით დასრულებული, გავიდა სამართლებრივი სივრციდან და ისე იქცევა, როგორც უნდა“ - აღნიშნა ადვოკატმა.
შალვა თადუმაძის განცხადებით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება დაიწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი კონტროლის პალატის აქტების საფუძველზე 126 მლნ 220 ათას 190 ლარითა და 22 მლნ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა.
პირველ შემთხვევაში საქმე ეხება მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.

















