პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
ივანიშვილისთვის 148 650 131 ლარის ჯარიმის დაკისრების შესახებ, დღეს გაასაჩივრებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა, ისინი სარჩელს სააპელაციო სასამართლოში შეიტანენ.
ივანიშვილის ადვოკატებს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით განსაზღვრული ვადა - 48 საათი ჰქონდათ, მათ სასამართლო გადაწყვეტილების ოქმი გუშინ ჩაბარდათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა ორი ოქმი განიხილა, რომელთა საფუძველზე ბიძინა ივანიშვილს 126 220 190 და 22 429 941,3 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
პირველ შემთხვევაში საქმე ეხება მოსახლეობისთვის სატელიტური ანტენების დარიგებას. სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.
ჯარიმა ივანიშვილმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ქონებას ყადაღა დაედება.

















