ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს - მიხეილ მესხს, გრიგოლ
ამბროლაძესა და მიხეილ ამაშუკელს პოლიტკურად პატიმრებად მიიჩნევს. ამის შესახებ ჯგუფის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა აღნიშნა, რეალურად, ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი არა აქვს. ვინაიდან, ახალგაზრდები მხოლოდ ბუკლეტებს არიგებდნენ და გამოძიებით დადგენილი არ არის, რომ მათ მხარდაჭერის სანაცვლოდ ვინმეს რამე გადასცეს. შესაბამისად, ბექაური მიიჩნევს, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.
რაც შეეხება ბრალდებულების სატელევიზიო განცხადებას, ადვოკატისა თქმით, ეს მხოლოდ გამოუცდელი რესპონდენტის პასუხია ჟურნალისტის პროვოკაციაზე.
“ეს სისხლის სამართალში ცნობილია როგორც “ლიტონი ბრალი“ და არ არის დასჯადი თუ გაცხადებული დანაშაულებრივი ქმედება რეალურად არ განხორციელდა“ - განაცხადა ბექაურმა.
მისი თქმთ, სსკ 164-ე მუხლი - ამომრჩევლის მოსყიდვა ძალაში 2005 წლიდან შევიდა. თუმცა, აქამდე პრაქტიკაში არცერთხელ არ გამოუყენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე არჩევნები ჩატარდა.
“არაერთი არჩევნების დროს დაფიქსირდა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი. წინასაარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ამომრჩევლებს ფასიან საჩუქრებს პროდუქტს, მედიკამენტებს და ვაუჩერებს გადასცემდნენ. თუმცა, არცერთ მათგანზე რეაგირება არ მომხადარა და ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლით არავინ დაუკავებიათ“-განაცხადა ბექაურმა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი მიიჩნევს, რომ მესხი ამაშუკელი და ამბროლაძე როგორც პოლიტკური პატიმრები, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. შესაბამის განცხადებას გარდა უფლებადამცველებისა პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“ “თეთრები“, “ქართული დასი“ და „ტრადიციონალისტთა კავშირი“ უერთდებიან.
აღნიშნული სამი პიროვნება ქუთაისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ ბუკლეტების დარიგებისას საკუთარი ოცნებების დაფიქსირებას სთხოვდნენ და მათ მატერიალიზებას ჰპირდებოდნენ.

















