სართაშორისო საქველომოქმედო ფონდის „ქართუს“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური
მონიტორინგის სამსახურს პასუხობს.
საპასუხო წერილს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“დამფუძნებლები სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფი“ და კანადის მოქალაქე გბეგო ტოსსა აჰოგნიბო ჟილბერი არიან.
წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნული მონაცემების უტყუარობა კონტროლის პალატას შეუძლია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოს.
განმარტებულია, რომ კონტროლის პალატის წერილში აღნიშნული ვარაუდი იმის შესახებ, რომ თითქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას წარმოადგენს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
წერილს დართული აქვს მონაცემები, საიდანაც ირკვევა 2012 წლის 14 თებერვლიდან ფონდ “ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანი წარმოადგენს.
„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მისი პრეზენტაცია, როგორც პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრისა, განხორციელდა ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. შესაბამისად, თქვენს წერილში გამოთქმული მეორე ვარაუდი რომ თითქოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს“- ნათქვამია საპასუხო წერილში.
ჩხეტიანი კონტროლის პალატის იმ მოთხოვნასაც პასუხობს, სადაც კონტროლის პალატა ითხოვს წარადგინონ 01.11.2011– 01.06.2012 პერიოდის ფონდ “ქართუს“ ფინანსური ანგარიში.
ჩხეტიანის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატამ, როგორც პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭირვალობაზე მონიტორინგის განმახორციელებელმა ორგანომ, თავისი ფუნქციები მოიპოვა 2011 წლის 28 დეკემბრიდან, როდესაც ძალაში შევიდა შესაბამისი ცვლილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში. შესაბამისად, კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური არ არის უფლებამოსილი, ვინმესგან მოითხოვოს მასალები, რომლებიც შეეხება 2011 წლის 28 დეკემბრამდე არსებულ პერიოდს.
„მიუხედავად ამისა, გიგზავნით თქვენ მიერ მოთხოვნილი პერიოდის ამსახველ ფინანსურ ანგარიშს. ცალკე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ“, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია, კანონმდებლობის შესაბამისად სისტემატურად აქვეყნებდა თავისი საქმიანობის ამსახველ ფინანსურ ანგარიშებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი უფლებას აძლევს კონტროლის პალატას, გამოითხოვოს პირისგან ფინანსური ანგარიში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე.
„გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ თქვენს წერილში აღნიშნული არც ერთი ვარაუდი არ შეესაბამება სინამდვილეს, გთხოვთ, წერილობით გვაცნობოთ, თუ რა სახის დასაბუთება გააჩნდა თქვენს სამსახურს ჩვენ მიმართ რაიმე სახის ვარაუდის გაჩენისთვის და კონკრეტულად მიგვითითოთ რომელი გარემოების არსებობას გულისხმობთ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიმართებაში“- ნათქვამია წერილში.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ფონდ ,,ქართუ“-სა და ასოციაცია ,,ატუ“-ს წერილობით მიმართა 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენის შესახებ.
კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ფონდი ,,ქართუ“ საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას წარმოადგენს და ფონდის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის - კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია.

















