კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველოში ვიზიტით მყოფ იტალიელ სენატორებს საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარება გააცნეს.
თინა ხიდაშელმა და ალექსი პეტრიაშვილმა, „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე, იტალიელ პარლამენტარებს მედიაში არსებულ პრობლემებზე, წინაასაარჩევნო გარემოსა და ხელისუფლების მხრიდან კოალიციის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„იტალიელი სტუმრები სენატში ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებზე მუშაობენ. შეხვედრები აქვთ ხელისუფლებასთან და ბუნებრივია მათ აინტერესებდათ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც საარჩევნო პროცესს ეხება“-განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, სტუმრებმა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ საინტერესო კითხვები დასვეს.
„ორი კითხვა დასვეს, რომლის ირგვლივაც დისკუსია გაიმართა. პირველი მედიასაშუალებებს ეხებოდა, კერძოდ რატომ ხდება ოპოზიციური არხების სიგნალის ჩახშობა და ღიად გამოხატეს აღშფოთება მედიასთან დაკავშირებით არსებული ვითარებით“ - განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, მეორე საკითხი სასამართლოს შეეხო და იტალიელმა სენატორებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვნაია სასამართლო პროცესები პოლიტიკისგან აბსოლუტურად თავისუფალი იყოს.

















