არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება.
ამის შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც განხორცილებული რეფორმები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შინაპატიმრობის დანერგვას საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. შინაპატიმრობა ნასამართლეობის არმქონე პირს დაენიშნება, ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით, ხოლო მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობისთვის თავის არიდების შემთხვევაში, სასჯელი თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება. შინაპატიმრობა, სასჯელის შეცვლის შემთხვევაში, შესაძლებელია ექვს თვეზე ნაკლები ვადითაც დაინიშნოს.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სახით - შინაპატიმრობით შეუცვალოს.
შინაპატიმრობა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ საფუძველზე, ამ ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს. სააგენტოში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი შესაბამისი ელექტრონული სამაჯურებითაა მოწყობილი, რომლითაც მსჯავრდებულის გადაადგილება კონტროლდება. შინაპატიმრობა ხელს უწყობს სასჯელის მოხდას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, მსჯავრდებულს ასეთ შემთხვევაში, საშუალება ეძლევა ჩვეულ საცხოვრებელ გარემოს არ მოსწყდეს.

















