ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების კობა ჯახუას და ნინო ყურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პოლიციის სამმართველოს მეოთხე განყოფილებაში კოალიციის მხარდამჭერებს ბრალი გუშინ წაუყენეს. სასამართლო ნინო ყურუას ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობას ედავება და ამის დამადასტურებლად კოალიციის ფლაერების დარიგების დროს გადაღებულ ფარულ ჩანაწერს იშველიებს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თეა წულუკიანის განცხადებით, ჩანაწერში ნინო ყურუა მოქალაქეთა მოსყიდვის შესახებ არ საუბრობს, ის ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის დემოკრატია. სავარაუდოდ, ნინო ყურუასა და კობა ჯახუას, რომელიც ასევე ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაშია ბრალდებული, გირაოს შეუფარდებენ.
ამასთან, დღეს დაკითხვაზე იყვნენ დაბარებული აქტივისტები ლელა გოშაძე და კოტე ასათიანი, თუმცა, ისინი რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ გაათავისუფლეს.

















