საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართება.
როგორც მინისტრი განმარტავს, სააკაშვილმა ბლეფის თამაში გადაწყვიტა, თუმცა ის წარუმატებელი აღმოჩნდა.
„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ფაქტებით დაამტკიცა ის, რასაც მე მანამდე ვამბობდი, რომ ერთადერთი წყარო, რომელიც ყავს პაპუაშვილს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქალაქ ოდესაში ამ ქალაქის გუბერნატორის სახელით იმყოფება. ეს ადამიანი დღეს სააკაშვილის ხელში გახდა ბოლო კარტი. სააკაშვილმა გადაწყვიტა ბლეფი ეთამაშა და გაუცრუვდა ეს ბოლო ბლეფიც”-განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე ხნის წინ მოსამართლეების მიმართ ზეწოლის შესახებ ისაუბრა. აღნიშნულზე გამოძიება დაიწყო, გამოიკითხა ყველა მოსამართლე.
პროკურატურის შუალედური ანგარიშის მიხედვით, გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლის ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.

















