პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, პატიმრის პირობით ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად შუამდგომლობის წარდგენაზე ვალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ხდება.
დღეისთვის ასეთი შუამდგომლობის წარდგენა მსჯავრდებულის მხარეს შეუძლია.
როგორც მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ პროექტშია აღნიშნული, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს ავტომატურ რეჟიმში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა, თუ მსჯავრდებულმა პირობით ვადამდე გასათავისუფლებლად კანონით დადგენილი ვადა ფაქტობრივად მოიხადა.
პროექტის თანახმად, ადმინისტრაციის ახალი ვალდებულება ქალი მსჯავრდებულების მიმართ ძალაში წელს შევა, ხოლო სრულწლოვანი მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის 2013 წლის იანვრიდან.

















