საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ 10 ივნისს, ქუთაისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ.
საია-ს ინფორმაციით, მონიტორინგი პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
„ორგანიზაციის დამკვირვებლები ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს მონიტორინგს გაუწევენ, რომლებიც 10 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება“- აცხადებენ საია-ში.
საია და “სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს უზრუნველყოფენ.

















