არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ანაკლიაში, გრიგოლეთსა და გონიოში
საკუთრების უფლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდნენ.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გაირკვა, რომ იქ მიმდინარე ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის მშენებლობას 30-მდე ადგილობრივი მკვიდრის საკუთრება ეწირება.
განცხადების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები კანონიერი მესაკუთრეების ნებართვის გარეშე დაიწყო, ხოლო დაზარალებულებს კომპენსაცია -20 ლარი 1 კვ.მ-ზე მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ჩამორთმეული ტერიტორია ახლად აშენებული ინფრასტრუქტურით დაიფარა. ჩამორთმეულ ტერიტორიებზე გზის მშენებლობა დღემდე მიმდინარეობს.
არასამთვრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი მეორე ვიზიტი სოფელ გრიგოლეთს დაეთმო, სადაც სუფსის ტერმინალის მშენებლობას 35-მდე ადგილობრივი მკვიდრის ქონება შეეწირა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივი მოსახლეობის მიწები ჯერ სახელმწიფომ თვითნებურად დაირეგისტრირა, ხოლო შემდეგ კომპანია „ბლექ სი პროდაქტზე“ გაასხვისა. სახელმწიფოსგან შეძენილ 46 ჰა მიწის ფართობზე „ბლექ სი პროდაქტს“ 750 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა განეხორციელებინა, 2012 წლისთვის დაესრულებინა პორტის მშენებლობა და 2 500 ადგილობრივი დაესაქმებინა. კომპანიას არცერთი ზემოთხსენებული ვალდებულება არ შეუსრულებია. საზღვაო პორტის მშენებლობა მხოლოდ მცირე ზომის ტბის ნახევრად დაშრობით შემოიფარგლა. ამ დროისთვის სუფსის პორტის მშენებლობა შეჩერებულია.
რაც შეეხება გონიოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიები 2007 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადგილობრივებს საკუთრებაში დაურეგისტრირა.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, მოქალაქეები, კომისიის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ. თუმცა, 2010 წლის 9 ნოემბერს #36 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, იმავე კომისიამ 271 მოქალაქეს ერთდროულად გაუუქმა მის მიერვე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები და ჩამორთმეული ქონება კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთრების უფლების გაუქმების მოტივად გონიოს ტერიტორიის სპეციალური სტატუსი მოიმიზეზა. მათი ოფიციალური განცხადებით, ჩამორთმეული ქონება ინვესტორებს სხვადასხვა ტურისტული ობიექტის მშენებლობის მიზნით უნდა გადასცემოდა. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებებისა, ჩამორთმეული მიწები დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია და მათ კვლავ ადგილობრივი მკვიდრები ამუშავებენ. თუმცა, ჩამორთმეული მიწების სამომავლო ბედი უცნობია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვისა და საკუთრების უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

















