თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონტროლის
პალატის მიერ გაფორმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილება.
სხდომაზე ივანიშვილის უფლებებს ადვოკატი შალვა თადუმაძე დაიცავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, თადუმაძე სასამართლოს რამდენიმე შუამდგომილობით მიმართავს, რომელთაგან ერთ-ერთი სხდომის გადადებას ეხება.
ადვოკატის განცხადებით, კონტროლის პალატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ ოქმს თან ერთვის 500-ზე მეტ გვერდიანი მასალა, რომელთა შესწავლისა და საპასუხო მტკიცებულებების შეგროვებისთვის ადვოკატს დრო სჭირდება.
„3-4 საათი, რაც ჩვენს ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობისთვის მიეცათ, საკმარისი არ იყო“-განაცხადა ქუცნაშვილი.
მისი თქმით, ასეთ უმოკლეს დროში არც ადვოკატს და არც მოსამართლეს საქმეში წარმოდგენილი მასალის სრულყოფილად შესწავლის საშუალება არ ჰქონდა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიხედვით კი, სასამართლოს უფლება არა აქვს გადაწყვეტილება საქმის გარემოების დეტალური და ობიექტური გამოკვლევის გარეშე მიიღოს.

















