თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ კონტროლის
პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილება.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევის სუბიექტად განსაზღვრა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა, მასალები საქმის შემდგომი განხილვის მიზნით სასამართლოს გადაუგზავნა.
კონტროლის პალატის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების“ მიერ კომპანიების - “ბურჯის”, “ელიტა ბურჯის” და “გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხს სწავლობდა. საუბარია ელექტორატისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებზე.
კონტროლის პალატა აცხადებს, რომ მონიტორინგის პროცესში მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტებს ადასტურებს.
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ კი, კონტროლის პალატის აღნიშნულ განცხადებას არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევად მიიჩნევენ.

















