წყალტუბოს პოლიციის სამმართველოში ამ წუთებში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაკითხვაზე ელოდებიან.
კოალიციის წყალტუბოს ორგანიზაციის წევრები მაია შალამბერიძე, კახა ქუთათელაძე და ანი დოლაბერიძე, დაახლოებით ერთი საათის წინ პოლიციაში დაიბარეს.
„ქართული ოცნების“ აქტივისტები პოლიციაში ადვოკატების თანხლებით აპირებენ მისვლას.
წინასწარი ინფორმაციით, კოალიციის წყალტუბოს ორგანიზაციის წევრები სამმართველოში იმავე მიზეზით დაიბარეს, რა მიზეზითაც ამ წუთებში ქუთაისელ აქტივისტთა დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც ირკვევა, კოალიციის წევრები გუშინ წყალტუბოში „ქართული ოცნების“ ფლაერებსა და გაზეთებს არიგებდნენ.
აქტივისტების განცხადებით, პოლიციის შენობაში გამოსაცხადებლად მათ რამდენიმე საათი მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე განცხადებით, ძალის გამოყენებით დაემუქრნენ.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, აქტივისტებზე ზეწოლა 10 ივნისის აქციას უკავშირდება. კოალიციის ინფორმაციით, მსგავსი დაკითხვა, ამჟამად, თერჯოლაშიც მიმდინარეობს.

















