კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლისთვის სატელიტური ანტენების მასობრივად და უსასყიდლოდ
დარიგების ფაქტზე მოპოვებული მასალები სასამართლოს გადაუგზავნა. ამის შესახებ განცხადება პალატის მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების“ მიერ კომპანიების - “ბურჯის”, “ელიტა ბურჯის” და “გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხს სწავლობდა. საქმე ეხება ელექტორატისთვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს.
კონტროლის პალატა აცხადებს, რომ მონიტორინგის პროცესში მოიპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტებს ადასტურებს, ეს კი - პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას განაპირობებს, რაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის.
„საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით, ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩვენო მოტივაციით კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება“-ნათქვამია განცხადებაში.
ამდენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა და მასალები საქმის შემდგომი განხილვის მიზნით სასამართლოს გადაუგზავნა.

















