კომუნიკაციების ეროვნული კომისია „სტერეო პლუსს“ საქმიანობას არ უკრძალავს, იგი კომპანიას ამ საქმის ლიცენზიით გათვალისწინებულ
ჩარჩოებში მოქცევას სთხოვს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადეს.
კომისიის ცნობით, შპს „სტერეო პლუსს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის“ დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა, რადგან ის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის N1/13 ლიცენზიის სალეცენზიო პირობებს არღვევდა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ გარდა ამისა, „სტერო პლუსს“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის დარღვევის გამო, 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რაც შესაბამისი ნებართვის, ლიცენზიის თუ ავტორიზაციის გარეშე ელექტრონულ კომუნიკაციებში საქმიანობას არეგულირებს.
„მონიტორინგის შედეგად კომისიამ გამოავლინა, რომ „სტერეო პლუსი“ უზრუნველყოფდა გარკვეული სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიის მაუწყებლობის გავრცელებას „სტერეო პლუსის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით, რომლის სახეობაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაა და არა მაუწყებლობის განხორციელება სიხშრის გამოყენებით“- განუცხადეს „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და აღნიშნეს, რომ „სტერეო პლუსი“ მომსახურებას 6 სამაუწყებლო კომპანიას უწევს, თუმცა, მათივე თქმით, მას „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო სიგნალის ღია ეთერით გავრცელების უფლება ლიცენზიის ფარგლებში არ ჰქონდა.
ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო უკანონო მაუწყებლობა აღკვეთოს, რათა „სტერეო პლუსმა“ მის ლიცენზიაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრი სალიცენზიო პირობების თანახმად გამოიყენოს.
„თუ ასე მარტივად მოახერხებს ყველა კომპანია მაუწყებლობას ღია ეთერში, მაშინ აზრს კარგავს „მაუწყებლობის შესახებ კანონით“ გათვალისწინებული სიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის განხორციელების საკონკურსო წესი, რომელიც საკმაოდ რთულია, ძვირადღირებული და შეჯიბრებითობის პრინციპებზეა აგებული“- განაცხადეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტერეო პლუსი“ 5 000 ლარით „მეცხრე არხის“ საეთერო სიხშირის გავრცელებისთვის დააჯარიმა. ასევე, მან 14.00 საათამდე "მე-9 არხისთვის" საეთერო სიხშირის გათიშვა უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში "სტერეო +"-ის სიგნალი მთლიანად გაითიშება.

















