ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან საქართველოს მიერ კიბერდანაშაულის თაობაზე ევროსაბჭოს კონვენციის დამტკიცების შესახებ დოკუმენტის დეპონირება მოახდინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კონვენცია ძალაში 1 ოქტომბერს შევა და კონვენციის 34-ე მონაწილე სახელმწიფო გახდება ევროსაბჭოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ეს კონვენცია პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა ინტერნეტისა და სხვა კომპიუტერული ქსელების საშუალებით ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება საავტორო უფლებების დარღვევაზე, კომპიუტერულ თაღლითობებზე, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ქსელის უსაფრთხოების დაცვაზე მახვილდება.
სამინისტროს განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ კონვენციას, რადგან მისი მთავარი მიზანი, ერთიანი ანტიკრიმინალური პოლიტიკის გატარებაა, რომელიც მიზნად ისახავს კიბერდანაშაულისაგან საზოგადოების დაცვას და შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას.
კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სტრასბურგში ევროსაბჭოს „ოქტოპუსის კონფერენციაზე“, რომელიც გუშინ გაიხსნა და 8 ივნისს დაიხურება.