შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარმა სამმართველომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას - ქუთაისში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობის გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგებას.
„ვინაიდან აღნიშნული ქმედება დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, ფაქტების შესწავლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარ სამმართველოში გამოძიება დაწყებულია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას პროკურატურა უწევს“- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია. მათივე ინფორმაციით, გამოძიების მიზანი დანაშაულებრივი ჩარევისგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფაა.
საქართველოს კონტროლის პალატამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გამოაქვეყნა.
განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო ღონისძიების ფარგლებში მოქალაქეებს ბუკლეტებს ურიგებდნენ. ბუკლეტების დარიგების დროს კი, ამომრჩევლებს მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ, თავისი თხოვნების დაფიქსირებას სთავაზობდნენ და მათ მატერიალიზებას ჰპირდებოდნენ.

















