საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები –ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძე დღეს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„შესაბამისი კვლევის ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც აღმოჩნდეს. ამ ფონზე ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ საქართველო დემოკრატიულია“ – განაცხადა კაკაბაძემ.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციამდე” პატიმართა რაოდენობა 6 000 იყო, ხოლო დღეს ეს ციფრი 25 000–მდეა გაზრდილი.
როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი, პატიმართა რაოდენობა საქართველოზე 2-3-ჯერ ნაკლებია.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს იმიჯის გამოსასწორებლად აუცილებლია ფართომასშტაბიანი ამნისტიის განხორციელება, რომელიც მცირე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს შეეხება.
პატიმართა ფართომასშტაბიანი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პატიმართა ოჯახების წარმომადგენლებს წარუდგინა.

















